ტექნოლოგია

ფერიანის საწარმო ფლობს საკუთარ, თანამედროვე ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ბაზას. ვენახში ნიადაგის და ვაზის დამუშავება ხდება სხვადასხვა ტიპის ტექნიკის გამოყენებით. ყურძნის გადასამუშავებლად გამოიყენება ევროპული აღჭურვილობა და დანადგარები. ღვინის დამუშავება, შენახვა და დავარგება ხდება როგორც ქვევრებში, ასევე სპეციალურ უჟანგავი ფოლადის ავზებში.

ვენახში ვაზის შტამი ფორმირებულია 80-100 სანტიმეტრის სიმაღლეზე. მისი სხვლის ფორმა არის ცალმხრივი ან ორმხრივი ქართული. ჭარბი მოსავლის მოცილების მიზნით, წელიწადში სამჯერ ტარდება მწვანე ოპერაციები.

რთვლის მოახლოებასთან ერთად იწყება ყურძენში შაქრიანობის მუდმივი კონტროლი, რაც კონდიციური რთვლის დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ყურძნის კრეფა იწყება მაშინ, როდესაც შაქრის შემცველობა 22-23 % აღწევს. როგორც წესი, რთველი სექტემბრის თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

ვენახი იკრიფება ხელით სათლებში. საწარმო განლაგებულია ვენახის ტერიტორიაზე, ამიტომ დაკრეფილი ყურძნის გადამუშავება ხდება ძალიან მცირე დროში, რაც შემდგომ უზრუნველყოფს ღვინის მაღალ ხარისხს.

მიღებული ყურძენი იტვირთება კლერტ-საცლელ დანადგარში სადაც ხდება კლერტის და მარცვლის დაცალკევება. წითელი ყურძნის შემთხვევაში მიღებული მასა იტვირთება მადუღარ რეზერვუარებში, ხოლო თეთრი კი სათანადო ტემპერატურამდე გაციებით თბომცვლელის გავლით გადაიტვირთება წნეხში. გამოწნეხილი ტკბილი გადაიტუმბება ორმაგკედლიან რეზერვუარებში სიცივეზე დასაწმენდად. 24-48 საათის შემდეგ დაწმენდილი ტკბილი იხსნება დეკანტაციით და მიდის სადუღარ რეზერვუარში დასადუღებლად.

დუღილის დასრულების შემდეგ ღვინო დასავარგებლად გადაიტვირთება შესანახ რეზერვუარებში. კონტროლის მიზნით ხდება ღვინის ლაბორატორიული გადამოწმება როგორც საწყის, ასევე დავარგების პროცესშიც.

ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის მისაღებად ყურძნის დურდო, ტკბილი კლერტთან ერთად იტვირთება ქვევრებში. დუღილის პროცესის დასრულებამდე ქვევრის დარევა ხდება დღე-ღამის განმავლობაში 3-4 საათიანი ინტერვალით. დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ ხდება ქვევრების იგივე შინაარსის ღვინით გადავსება. ქვევრები ილუქება 6 – 7 თვის განმავლობაში და ღვინო იწყებს ჩამოყალიბებას.

ქვევრის ღვინოები ხასიათდება ქარვისფერი შეფერილობით, გამოირჩევა მწიფე ხილის, ჩირების არომატით და გემოთი. კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხილის სურნელი და გემო.

ღვინის დასტაბილურების შემდეგ, ხდება მისი საბოლოო ლაბორატორიული შემოწმება, ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება.

ღვინო ჩამოსხმულია ბორდოს და ბურგუნდიული ტიპის მაღალი ხარისხის ფრანგულ ბოთლებში. ბოთლები დალუქულია პორტუგალიური კორპის საცობითა და ცვილით.