ფერიანი არის თანამედროვე ტიპის ღვინის კომპანია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოებს.
საწარმო დაარსებულია 2003 წელს. მისი შექმნის გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო სურვილით, გაგრძელებულიყო ღვინის წარმოების ოჯახური ტრადიცია.
ფერიანის მთლიანი კომპლექსი განლაგებულია 80 ჰექტარზე და მდებარეობს ალაზნის ველზე, სოფელ ვეჯინის მიწებზე. საწარმო აშენებულია მამაპაპისეულ გაშენებულ ვენახების შუაგულში. ამგვარად, ყურძნის მოყვანისა და მისი ღვინოდ გადაქცევის პროცესებს შორის შენარჩუნებულია მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი.
ვენახების უნიკალური მდებარეობა, მდიდარი ნიადაგი და ზომიერი კლიმატი ქმნის ხელსაყრელ პირობებს მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად.
ვენახში გაშენებულია საფერავი, ხიხვი, ვარდისფერი რქაწითელი, მანავის მწვანე, კახური მცვივანა, ალექსანდროული, ოჯალეში, შავკაპიტო, ჩინებული და თავკვერი.
გეგმაში არის მივიწყებული ქართული, ნაკლებად გავრცელებული, იშვიათი ჯიშების მოძიება და გაშენება. ხარისხიანი მოსავლის მიღების და შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ შეიქმნება ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებული ახალი ღვინოები.
მაღალი ხარისხის ღვინოების მისაღებად ხდება ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევები და დეგუსტაციები. ღვინის ჩამოსხმა ხდება უმაღლესი ხარისხის ფრანგულ ბოთლებში. კორპის საცობი იმპორტირებულია პორტუგალიიდან. ბოთლები დალუქულია ცვილით. საერთო ჯამში, ყველაფერი შერჩეულია ისე, რომ ღვინომ ჩამოსხმის შემდეგ დავარგება განაგრძოს.
გარემოზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. კომპლექსის ტერიტორიისა და ალაზნის აუზის სისუფთავის შესანარჩუნებლად დამონტაჟებულია ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარები. ორგანიზებულია ნარჩენების მართვის სისტემა. ნიადაგი რეგულარულად მდიდრდება ბიოლოგიურად სუფთა სასუქებით. ვენახების მოვლა-დამუშავება ხორციელდება ბიო და ორგანული მეთოდოლოგიით.
კომპანიას გეგმაში აქვს საწარმოში ISO და HACCP მართვის სტანდარტების დანერგვა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა წარმოების ეკოლოგიურად სუფთა მზის განახლებად ენერგიაზე გადასაყვანად.