ფერიანის ვენახები გაშენებულია 50 ჰექტარზე, ვეჯინის ყოფილი მიწების ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროს შუა წელში, ზღვის დონიდან 240 მეტრზე.
ნიადაგი მუქი ყავისფერი, საშუალოდ კარბონატული დიდი სისქის, ზომიერად ტენიანი, თიხნარია. ვენახის მოვლის შერჩეული მეთოდი ხელს უწყობს ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას, ადგილობრივი მიკროფლორის წარმოქმნას და ნიადაგის სტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი ამცირებს ვაზის დავადებების გავრცელების რისკს და ხელს უწყობს ტერუარის გამოკვეთას ღვინოში.
კლიმატი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი
ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13 °C. მინიმუმი - 2-3 °C. ნალექები 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150-2200 საათის, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1550-1600 საათის საზღვრებში იცვლება.
ვენახების ძირითადი ნაწილი უკავია ისეთ უნიკალურ საღვინე ყურძნის ჯიშებს, როგორებიცაა საფერავი, ხიხვი და ვარდისფერი რქაწითელი.
საფერავი – ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში საქართველოში. არის მსოფლიო ასორტიმენტში წითელი საღვინე ყურძნის ჯიშების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
ხიხვი - მცირედ გავრცელებული ენდემური ჯიში. იძლევა მაღალხარისხოვან თეთრ ღვინოს.
ვარდისფერი რქაწითელი – ვარდისფერ ყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომლისგანაც მიიღება მაღალხარისხიანი მშრალი თეთრი და ვარდისფერი ღვინოები.
საფერავის ვენახი გაშენდა 2003 წელს, ვარდისფერი რქაწითელი - 2018 წელს, ხიხვი - 2003 წელს. დანარჩენი ჯიშები - 2021-22 წლებში. თუმცა ყოველწლიურად წარმოებს თითოეული ჯიშის განახლება საჭიროების მიხედვით.
შედარებით მცირე რაოდენობით გაშენებულია მანავის მწვანე, კახური მცვივანა, ალექსანდროული, ოჯალეში, შავკაპიტო, ჩინებული და თავკვერი.